„მამას ვგავარ, გემრიელი გოგო ვარ... მე და მიშას ძალიან კარგი ცოლქმრობა გვაქვს, მხიარულია და სულ მაცინებს... დედამთილთან ერთად ვცხოვრობ, ფანტასტიური ქალია...” - სოფო ბედია - bbcnews.ge
საზოგადოება

„მამას ვგავარ, გემრიელი გოგო ვარ… მე და მიშას ძალიან კარგი ცოლქმრობა გვაქვს, მხიარულია და სულ მაცინებს… დედამთილთან ერთად ვცხოვრობ, ფანტასტიური ქალია…” – სოფო ბედია

მომღერალი და ორი შვილის დედა სოფო ბედია ნოე სულაბერიძის გადაცემაში იყო სტუმრად და გულწრფელად ისაუბრა ბავშვობაზე, კარიერაზე, კრიტიკაზე, ბულინგზე, მეუღლეზე – მიშა მესხზე და შვილებზე.

– ძალიან კარგი ცოლქმრობა გვაქვს, ძალიან ვმეგობრობთ. თან ორივე მერწყულები ვართ, ერთ წელს დაბადებულები, ტოლები, მე ვარ 18 დღით დიდი. ძალიან მსუბუქია ურთიერთობებში. იუმორი აქვს მაღალ დონეზე. სულ მაცინებს, სულ შოუპროგრამებით არის წარმოდგენილი. მხიარული და პოზიტიური ადამიანია. საყვარელი და კეთილი ადამიანია, თუ შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება.

ერთი წელი მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. მე მაშინ არ ვიყავი მზად ახალი ურთიერთობისთვის. მაგრამ იმ დონეზე იბრძოლა და ყველანაირად ეცადა, ჩემი გული მოეგო, მთავარი კი მისი ადამიანობა იყო. მისი იუმორი, სულ კარგ ხასიათზე მაყენებდა. მერე თავისით მოხდა, რომ ძალიან შემიყვარდა. მთავარი იყო ისიც, რომ ჩემი პირველი შვილი ნიკოლოზი ძალიან უყვარდა და ძალიან მეგობრობდა მასთან. ამას დიდი ყურადღება მივაქციე. შეიძლება კაცები წავიდნენ და წამოვიდნენ ქალის ცხოვრებაში, მაგრამ შვილი, შვილთან დამოკიდებულება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ნიკოლოზი 16 წლის არის.

კიდევ გვყავს ფეხბურთელი და მოცეკვავე ანდრია, ძალიან კარგად მღერის და საოცრად არტისტულია, დედას ჰგავს… ფეხბურთელობა მისი ოცნებაა, მაგრამ მინდოდა, რომელიმე შვილს მაინც ემღერა. მომღერლობა არ უნდა.

მიშა ჩემზე მეტს მღერის სახლში, ძაან მხიარული ოჯახი ვართ.

მამა იყო ხელოვანი, მუსიკოსი, მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ვმღერი. 20 წლის წინ გარდაიცვალა, ძალიან ღირსეული ადამიანი იყო. სულ მეტირება, როდესაც მამაზე ვსაუბრობ. ეგეთი კაცები ძალიან იშვიათია, კაცი – ადამიანი. არ ეშლებოდა ურთიერთობები, პატივს სცემდა ყველას. ყველაფერს აკეთებდა, რომ ადამიანები კარგად ყოფილიყვნენ. ძაან მენატრება.

დედა ძალიან კეთილშობილი, მოზომილია, არ ვგავარ დედას, უფრო მამას ვგავარ. დედა ძალიან საყვარელია. მე უფრო თამამი ვარ, ქოთქოთა, ენერგიული, ემოციების გამოხატვა მიყვარს. მით უმეტეს, როცა კარგი ემოციაა. არასოდეს მენანება კომპლიმენტის გამოხატვა. უფრო მეგრული სიგემრიელე მაქვს, გემრიელი გოგო ვარ, რა ვქნა, ვარ. როცა ადამიანები არ მიცნობენ, შინაგანად როგორი ვარ, გულწრფელად როგორი ვარ, მაგაზე მწყდება ხოლმე გული.

საჭმლის კეთება ვიცი, მეგრული კერძებისაც, უბრალოდ ხშირად ვერ ვახერხებ ჩემი ცხოვრების წესის და რეჟიმის გამო. ხელმარჯვე გოგო ვარ, მაგრამ როცა მცალია. მეგრელი დედამთილი მეხმარება, ფანტასტიური ქალია და ძალიან ვმეგობრობთ. დედამთილთან ერთად ვცხოვრობ და რომ იცის როგორი გადატვირთული რეჟიმი მაქვს, ძალიან შეგნებული ქალია და სულ ცდილობს, რომ ეს მხარე შემიმსუბუქოს.

Back to top button