"არ ვიქნები ზედმეტად თავმდაბალი და ვიტყვი..." - რომან გოცირიძე განცხადებას ავრცელებს - bbcnews.ge
პოლიტიკა

“არ ვიქნები ზედმეტად თავმდაბალი და ვიტყვი…” – რომან გოცირიძე განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე ფასებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“არასწორად ვუდგებით ფასების ზრდის მიზეზებს და ასევე არასწორ გამოსავალს ვთავაზობთ. თითქოს სურსათის ფასების ზრდის მიზეზი დამატებული ღირებულების გადასახადია და მისი შემცირება შეამცირებს ფასებს, არასწორია. დღგ-ს განაკვეთი ოც წელიწადზე მეტია უცვლელია, მაგრამ ფასები სურსათზე ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა.

განსაკუთრებით არასწორია ფასების სიდიდეს შორის განსხვავების ახსნა იმით, რომ ევროპის სუპერმარკეტებში დღგ უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან.

ევროპაში ბიზნესზე საგადასახადო ტვირთი არის მნიშვნელოვნად მძიმე, ვიდრე საქართველოში. ევროპის სუპერმარკეტები იხდიან მოგების მაღალ გადასახადს, ჩვენთან კი თუ არ გაიტან, გადასახადი ნულოვანიც კი შეიძლება იყოს. დიდია იქ ქონების გადასახადიც. რაც მთავარია, ევროპის ქვეყნებში ხელფასის ფონდი წარმოუდგენლად დიდი ოდენობით იბეგრება, იგი 50 პროცენტსაც კი აღწევს, ზოგ ქვეყანაში უფრო მეტიცაა. საქართველოში ხელფასი მხოლოდ 20 პროცენტით იბეგრება, ვინც საპენსიო სქემაშია, დამატებით 2 პროცენტს უხდის.

ევროპის სუპერმარკეტებში დასაქმებულთა ხელფასის თითქმის ნახევარი მიდის ბიუჯეტში ან სოციალურ ფონდებში. ეს უფრო მძიმე წნეხია ბიზნესზე, ვიდრე შედარებით ნაკლები დღგ. საქართველოში დამსაქმებლის სოციალური შენატანი არის ნული(თუ არ ჩავთვლით საპენსიო სქემაში მონაწილეებს), ევროპაში კი 20-30 პროცენტია. დასაქმებულიც ერთ ამდენს იხდის.

მოკლედ, საქართველოში ბიზნესი, მათ შორის ქსელური თუ არაქსელური ვაჭრობის სფეროში, გაცილებით შეღავათიანად იბეგრება, ვიდრე ევროპაში. ფასების ზრდის მიზეზი არაა გადასახადები. ჩვენზე დაბალი გადასახადები არა თუ ევროპაში, არამედ რეგიონში არავის აქვს.

როცა არასწორ არგუმენტებს ვიყენებთ, ეს ხელს აძლევს ხელისუფლებას და საზოგადოების თვალში უფრო კომპეტენტურად წარმოჩენის შესაძლებლობას ვაძლევთ.

დღგ-ბრალი კი არ არის ფასების ზრდა, არამედ “ოცნების” ხელისუფლების. დღგ-ზე აქცენტის გადატანა ამცირებს ხელისუფლების ბრალეულობას.

ქვემოთ, კომენტარებში ნახეთ თუ რამდენით იბეგრება ხელფასის ფონდი ევროკავშირის ქვეყნებში. ძარცვაა ფაქტობრივად. ასე იყო ჩვენთანაც “ვარდების რევოლუციამდე”. ის რაც ახლა გვაქვს, სწორედ მაშინ შეიქმნა და არ ვიქნები ზედმეტად თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ჩემი წვლილი ამაში საკმაოდ დიდია.” – წერს რომან გოცირიძე.

Back to top button