
UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას პირადი ცხოვრების ირგვლივ სკანდალი არ ცხრება. ყურადღების ცენტრში ისევ მისი ყოფილი მეუღლე, ინფლუენსერი ჯორჯინა უზტუგაიტი ბადელია, რომელმაც, როგორც ირკვევა, დახმარებისთვის ესპანეთის ეროვნულ პოლიციას მიმართა.
- მუქარები და კიბერბულინგი: რას ჰყვება ჯორჯინა?
როგორც ესპანური გამოცემა ABC იუწყება, 22 დეკემბერს ჯორჯინა მადრიდის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. მისი განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ის გახდა მასშტაბური კიბერბულინგისა და მუქარის მსხვერპლი.
ინფლუენსერმა სამართალდამცავებს წარუდგინა უამრავი მტკიცებულება – შეტყობინებები და კომენტარები, რომლებიც მის მიმართ აგრესიასა და მუქარას შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ჯორჯინამ თავისი ადვოკატის მეშვეობით პირველი საჯარო განმარტება გააკეთა.
ყველაფერი ილია თოფურიას სკანდალური პოსტით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ “მატადორმა” საჯაროდ განაცხადა, რომ მას აშანტაჟებდნენ და ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელებით ემუქრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ილიას ჯორჯინას სახელი არ უხსენებია, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აგრესია სწორედ მისკენ მიმართეს. ჯორჯინას მხარემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ცილისწამებაა და მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას იმ დროს, როდესაც სასამართლოში ბავშვის მეურვეობისა და სხვა პირადი საკითხების განხილვა მიმდინარეობს.









