რა ქონებას ფლობს სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს - bbcnews.ge
პოლიტიკა

რა ქონებას ფლობს სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

„ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს სუს-ის ყოფილი უფროსი და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გრიგოლ ლილუაშვილმა 2025 წლის 13 მარტს შეავსო.

დოკუმენტის შევსების მომენტში, ლილუაშვილს სახელფასო ანგარიშზე 35 558 ლარი ჰქონდა, საკრედიტოზე კი – 8 808 ლარი.

ამასთანავე, ნაღდი ფულის სახით ფლობდა 8 500 ევროს (დანაზოგის სახით) და 75 000 აშშ დოლარს, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლიდან იყო დარჩენილი.

რაც შეეხება მის თანამდებობრივ სარგოს, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, სუს-ის უფროსის პოზიციაზე 2024 წლის განმავლობაში გრიგოლ ლილუაშვილმა 141 274 ლარის შემოსავალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილის სახელზე დეკლარაციაში არ ფიქსირდება არც მოძრავი და არც უძრავი ქონება, თუმცა დეკლარაციაში {გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილში} მითითებული აქვს, რომ მის სახელზე რეგისტრირებულია მშენებარე კორპუსში, ეტაპობრივი გადახდის პირობით, საცხოვრებელი ბინისა და 2 ავტოფარეხის ნასყიდობის (შეძენის) ხელშეკრულება (ვადა 2018 წლის 1 თებერვალი – 2025 წლის 31 დეკემბერი). გარდა ამისა, დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების ჯამური ღირებულება 201 000 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2024 წელს ამ ხელშეკრულების შედეგად ლილუაშვილის გასავალმა 100 000 დოლარი შეადგინა.

ამასთან, დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2024 წელს უძრავი ქონების გაყიდვიდან ლილუაშვილმა შემოსავლის სახით 175 000 აშშ დოლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სუს-ის ყოფილ უფროსს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლის სახელზე ფიქსირდება 2021 წელს 10 500 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომობილი toyota rav4. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 148 ლარი უფიქსირდებოდა.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას 2019 წლის 17 ოქ­ტომ­ბრი­დან იკავებდა. მან თანამდებობა 2025 წლის აპრილში დატოვა. შეგახსენებთ, იმასაც რომ მა­ნამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. სრულად

Back to top button