
ბევრს ის პატარა გოგონა ახსოვს, რომელიც წლების წინ ნათია გოგიტიძისა და რუსა მორჩილაძის საკულტო კლიპში „ნუ შეგაშინებს დრო“ თავისი დის ბავშვობას თამაშობდა. თუმცა, დღეს ია გოგიტიძე სრულიად სხვა ამპლუაში დაგვიბრუნდა – ის წარმატებული სენიორ ინჟინერია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ტიკტოკზე ათიათასობით ადამიანს თავის ყოველდღიურობას უზიარებს.
ამერიკული ოცნება, მაღალანაზღაურებადი IT კარიერა და ემიგრაციული “მარათონი” – ერთი შეხედვით, იას ცხოვრება იდეალურად გამოიყურება, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა რთული შინაგანი ბრძოლა, დეპრესიასთან გამკლავება და “შინაგანი ბავშვისთვის” დაცული სივრცის ძიება დგას. რატომ არ ავსებს მას ტექნოლოგიური სფერო, სად გაუჩინარდა მისი და, ნათია გოგიტიძე და რას ნიშნავს, როცა საკუთარი თავისგან გაქცევის ნაცვლად, საკუთარი ხმის პოვნას ცდილობ – წაიკითხეთ ექსკლუზიურ ინტერვიუში
– ია, როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც პატარამ თქვენი დის, ნათია გოგიტიძის კლიპში (რუსა მორჩილაძესთან ერთად) გადაგიღეს?
– დიდი სიყვარულითა და ხალისით მახსენდება ბავშვობის ეგ პერიოდი. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. მახსოვს დედაჩემი გვატარებდა სხვადასხვა კონკურსებზე და სულ გვიწევდა ხოლმე სცენაზე ყოფნა, რამაც ამ გადმოსახედიდან ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში.









