
ცოტა ხნის წინ სოციალური სივრცე შუახევის სოფელ ჩანჩხალოში დატრიალებულმა ოჯახურმა დაპირისპირებამ მოიცვა. მარინა აბაშიძემ “ნანუკას შოუში“ მოყვა, თუ როგორ მიატოვა მისმა რძალმა შვილები და როგორ ზრუნავს თავად ბავშვებზე. მაშინ მარინა აბაშიძე ამბობდა, რომ მისმა რძალმა, მარიამ ბარბაქაძემ ორსულობისას სხვადასხვა გზით რამდენჯერმე სცადა მუცლის მოშლა, მაგალითად, წაქცევით, დაცემით… ამბობდა იმასაც, რომ ამას მომავალი დედა ძალით აკეთებდა, თავად კი რძალსა და ბავშვებზე ზრუნავდა.
44 წლის მარინა აბაშიძის ამ განცხადებებს 20 წლის მარიამ ბარბაქაძემ დედასთან ერთად უპასუხა და სრულიად განსხვავებული რეალობა აღწერა. მისი თქმით, დედამთილი ორსულობაში მართლაც იჩენდა მის მიმართ ყურადღებას, თუმცა ბავშვების გაჩენის შემდეგ სერიოზულმა პრობლემებმა იჩინა თავი. ეს პრობლემები კი უკავშირდებოდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ჩაგვრას:
“20 წლის ვარ, ცოლად რომ გავყევი 16 წლის ვიყავი, ფეხმძიმედ დავრჩი. არ ვცდილობდი ბავშვების მოშორებას, ექიმებმაც იციან, რომ ვუვლიდი ჩემს თავს. დედამთილს ბევრჯერ დავეკონტაქტე, რომ ბავშვები ენახებინა. ერთხელ ძლივს დავურეკე, ბავშვმა რომ დამინახა, “დედა” დაუძახა ტელეფონს. მარინამ მაშინვე გამოართვა და უთხრა, ეს დედაშენი არ არისო. მერე ვიდეო გამომიგზავნა, სადაც ჩემი ქმარი სხვა გოგოსთან ერთად ზის მანქანაში და აწერია: “ამათ უკვე სხვა დედა ჰყავთ, შენ არ სჭირდები“.
თავიდან მე და ჩემს დედამთილს კარგი ურთიერთობა გვქონდა, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მაქცევდა ყურადღებას, ყველაფერს მყიდულობდა, ექიმთანაც თავის დროზე მივდიოდით. ბავშვები როცა გაჩნდნენ, ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები. ბავშვები 2 თვის იყვნენ, სოფელში ვიყავით წასულები და ამ დროს თავის პოლიციელ ნათესავს ეუბნება, მინდა, დედობის უფლება ჩამოვართვაო.
მალევე რომ დავრჩი ფეხმძიმედ, მესმოდა, თავის შვილს როგორ ეუბნებოდა, რომ ბავშვებს გაუკეთებდა დნმ-ის ანალიზს, ნამდვილად იყვნენ თუ არა მისი შვილები. ორსულად დარჩენიდან ერთი თვის შემდეგ მეუბნება, რომ არ ხარ ქალიშვილიო, ეს ექიმთანაც თქვა, რის გამოც ექიმმა ოთახიდან გააგდო.
ერთხელ ჩემმა ქმარმა მაწონი და ბანანი მომიტანა და ვჭამდი, თვითონ კი ღუმელთან დაჯდა. ამ დროს ჩემმა დედამთილმა თქვა: “ჯერ ქმარი არ დამჯდარა სუფრასთან, ეს კიდევ ზის და ჭამსო”.
ჩემი ქმარიც ამიტომ შემზიზღდა, უნდა ეთქვა დედამისისთვისაც და ჩემთვისაც, რაც სათქმელი ჰქონდა. მე თუ დამნაშავე ვიყავი, უნდა მოსულიყო და ეთქვა – “მარიამ, ეს დედაჩემია, ჩემი გამზრდელია და არ მოექცე ცუდად”. პარალელურად, დედამისთანაც მისულიყო და ეთქვა: “ეს ჩემი მეუღლეა, ჩემი მეორე ნახევარი და არ მოექცე ცუდად”.
მარინა არ აძლევდა ჩემი დაცვის საშუალებას, რამეს რომ იტყოდა, “ახლა შემოგარტყა” – ეტყოდა. ლევანი დედამისს ვერაფერს ვერ ეუბნებოდა, ერთხელ ტელეფონიც დაულეწა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
ბევრჯერ მქონდა სურვილი, ბავშვები წამომეყვანა, მაგრამ მეშინოდა. 18-19 წლის ვიყავი, მეშინოდა. მარინამ ასეთი სიტყვები მითხრა: “აქ არ ჩამოხვიდე, მთელი სოფელი თოფით დაგხვდებაო”, – ამბობს მარიამი.
“მარინამ დამირეკა და მიყვიროდა: შენი შვილი მგლებმა დაგლიჯესო! გული წამივიდა, გონება დავკარგე. რომ მოვედი აზრზე და გადავურეკე, თავის შვილთან ერთად იჯდა და სიცილით მელაპარაკებოდა – ვიხუმრეო. ასეთი ქალი მართავდა ჩემი შვილის ცხოვრებას. ხან მეუბნებოდა – ჩამოდიო, ხან მემუქრებოდა – თუ ჩამოხვალ, შენს შვილს ოჯახს დავუნგრევო,“ – ჰყვება დარინა, მარიამ ბარბაქაძის დედა, რომელიც იმ დროს თურქეთში, ემიგრაციაში იმყოფებოდა.
რას ამბობდა მარიამის დედამთილი
მარინა აბაშიძე იხსენებს, რომ თავიდან ყველაფერი თითქოს რიგზე იყო, თუმცა პრობლემები ორსულობისთანავე დაიწყო. მისი თქმით, მარიამი ბავშვების მოცილებას საშინელი მეთოდებით ცდილობდა.
“ძალიან მალე აერია თავგზა… ბევრჯერ ეცადა, რომ ბავშვები მუცლიდანვე დაეკარგა. თითქოს წაიქცა, თითქოს გადავარდა, რაღაცაზე დაეცა – სპეციალურად აკეთებდა ასეთ რაღაცებს, რომ მუცელი მოშლოდა. მუცლიდანვე ვიცავდი, რომ არაფერი მოსვლოდათ პატარებს.
სამსახურში დამირეკა და მითხრა – მივდივარო. სახლში რომ მოვედი, ბავშვები ნახევრად ჩაცმულები იყვნენ და მულტფილმს უყურებდნენ. მას ჩანთა უკვე ჩალაგებული ჰქონდა. კარები რომ გავაღე, ჩანთა წამოიკიდა და ისე გავარდა… ვუთხარი, მოტრიალდი და ბავშვებს მაინც ჩაეხუტე-მეთქი. თვალებიდან არასოდეს ამომივა ის მომენტი – შვილები არ დაინდო, არც კი მიკარებია.
წასვლის შემდეგ, დედას შვილები ერთხელაც არ მოუკითხავს. უფრო მეტიც, როდესაც ერთ-ერთი ტყუპისცალი რეანიმაციაში მოხვდა და ექიმმა დედის ხმის გაგონება ურჩია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პასუხი გამაოგნებელი იყო: „ქალო, რას მირეკავ? არც ექიმი ვარ და არც ღმერთი. მიდი და მიხედეო“.









