ცნობილი მხატვარი გარდაიცვალა - bbcnews.ge
საზოგადოება

ცნობილი მხატვარი გარდაიცვალა

რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მხატვრის, თინათინ ჰაინეს გარდაცვალების გამო.

თინათინ ჰაინე – შესანიშნავი მხატვარი, გულისხმიერი პედაგოგი და ადამიანური ღირსებებით უხვად დაჯილდოვებული პიროვნება…

ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ქალბატონი თინათინის გარდაცვალებამ.

ხატვა ბავშვობიდან იტაცებდა და სრულიად ახალბედა მხატვარს თავად სერგო ქობულაძემ დაულოცა გზა ხელოვნებაში. შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია, თეატრალურ-დეკორაციული განყოფილება, ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნო. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“ სადიპლომო ნამუშევარის თემა იყო. პირველი სპექტაკლი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე გახლდათ კვლავ მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, ჰერმან ვედეკინდის დადგმა.

1969 წლიდან დაიწყო მისი ურთიერთობა თეატრთან. ქალბატონ თინათინს ორასამდე სპექტაკლის სცენოგრაფია აქვს შექმნილი. მუშაობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: დოდო ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, შალვა გაწერელია და მრავალი სხვა.
არც ფერწერას ივიწყებდა და არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონია. 90-იან წლებში ხშირად იფინებოდა გერმანიაში. ორგანიზება გაუკეთა ქართველ მხატვართა გამოფენებს გერმანიის რამდენიმე ქალაქში.
თინათინ ჰაინე მრავალი წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და არაერთი თაობა აღზარდა, აზიარა დიდ ხელოვნებას.

მისი თვალები მუდამ სიკეთეს ასხივებდნენ, ალბათ ამიტომაც იმსახურებდა გარშემომყოფთა დიდ სიყვარულსა და პატივისცემას.

ჯერ კიდევ პატარა თინათინს მამა ხშირად უყვებოდა გერმანიაზე, საქსონიაზე და იქ, სამშობლოში, დაბრუნების სურვილი მუდამ თან სდევდა. ეს სურვილი კი სულ რამდენიმე წლის წინათ აისრულა და გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ საქართველოს სიყვარულიც თან გაიყოლა. „თვალს რომ დავხუჭავ, დაძინებაც არ მჭირდება, ჩემს საყვარელ თბილისს ვხედავ“ – ამბობდა ხშირად და ეს სიყვარული თან გაჰყვა ალბათ.უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით საყვარელ თინათინს, მისი ნათელი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში.

Back to top button