
შუახევის სოფელ ჩანჩხალოში დატრიალებულმა ოჯახურმა დრამამ მთელი საქართველო შეძრა. მას შემდეგ, რაც 44 წლის მარინა აბაშიძემ “ნანუკას შოუში“ თავისი ისტორია მოჰყვა – ისტორია ბებიაზე, რომელიც 16 წლის რძლისგან მიტოვებულ ტყუპებს დედად მოევლინა – საზოგადოების რისხვა ბიოლოგიური დედას დაატყდა თუმცა, დღეს სიჩუმეს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ 20 წლის მარი ბარბაქაძე არღვევს.
მარიამი და დედამისი, დარინა, რადიკალურად განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან. ეს არის ისტორია ჩაგვრაზე, ეჭვიანობაზე, ფსიქოლოგიურ ტერორსა და დედამთილზე, რომელიც, მათი თქმით, რძლის თავიდან მოშორებას გეგმავდა
“მუცლიდანვე ეჭვქვეშ დააყენეს ჩემი შვილების მამობა“
მარიამი იხსენებს, რომ მისი ტრაგედია იმ დღიდან დაიწყო, როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყურადღებას აქცევდნენ, მალევე გაჩნდა უნდობლობის კედელი, რომელიც დედამთილმა აღმართა.
“ძალიან გამიხარდა, რომ ფეხმძიმედ დავრჩი. არასოდეს მიცდია ბავშვების მოშორება, პირიქით – ექიმებმაც იციან, როგორ ვუფრთხილდებოდი თავს. პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა დედამთილმა თავის შვილს უთხრა: ამ ბავშვებს დნმ-ის ანალიზი უნდა გაუკეთო, იმიტომ რომ მარიამი ქალიშვილი არ იყოო. ეს საავადმყოფოშიც თქვა და ექიმმა პალატიდან გააგდო,“ – იხსენებს მარიამი.
მისი თქმით, მარინა აბაშიძე ყოველდღიურად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მარიამი „ღირსეული ცოლი“ არ იყო. კონფლიქტი ელემენტარულ საკითხებზეც კი მწვავდებოდა: „ერთხელ ბანანი და მაწონი მომინდა, ჩემმა ქმარმა ამოიტანა და ჭამა დავიწყე. დედამთილმა სკანდალი მოაწყო – ჯერ ქმარი არ დამჯდარა სუფრასთან და ეს როგორ ბედავს ჭამასო.“
ფსიქოლოგიური ტერორი და ჩაკეტილი ფანჯრები სამშობიაროში
მარიამი იხსენებს უმძიმეს დღეებს სამშობიაროში, სადაც, მისი თქმით, დედამთილი მასზე სრულ კონტროლს ამყარებდა და მის თითოეულ ნაბიჯს ტელეფონით იწერდა, რათა მომავალში კომპრომატად გამოეყენებინა.
“ახალი ნაოპერაციები ვიყავი, სუნთქვა მიჭირდა. პალატაში ფანჯრის „რუჩკა“ მოხსნეს და ჩამიკეტეს. როცა ექიმებს ვთხოვე გაეღოთ, მარინა აბაშიძემ თქვა: არ გადახტესო. ყველაფერს იწერდა, რომ მერე ეთქვა – მარიამი გიჟიაო. მე შვილები არ მიმიტოვებია, მე გამომაქციეს იმ სახლიდან,“ – ამბობს მარიამი.
მისი თქმით, დედამთილი სისტემატურად ეუბნებოდა, რომ წასულიყო იტალიაში სამუშაოდ და ბავშვებისთვის ფული იქიდან გამოეგზავნა, თავად კი მათ მიხედავდა. საბოლოოდ, 10 თვის შემდეგ, გაუსაძლისი ყოფის გამო, მარიამი სახლიდან წამოვიდა.
“შენი შვილი მგლებმა დაგლიჯეს” – დედის შოკისმომგვრელი მოგონებები
მარიამის დედა, დარინა, რომელიც იმ დროს თურქეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა, იხსენებს ზარს, რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
“მარინამ დამირეკა და მიყვიროდა: შენი შვილი მგლებმა დაგლიჯესო! გული წამივიდა, გონება დავკარგე. რომ მოვედი აზრზე და გადავურეკე, თავის შვილთან ერთად იჯდა და სიცილით მელაპარაკებოდა – ვიხუმრეო. ასეთი ქალი მართავდა ჩემი შვილის ცხოვრებას. ხან მეუბნებოდა – ჩამოდიო, ხან მემუქრებოდა – თუ ჩამოხვალ, შენს შვილს ოჯახს დავუნგრევო,“ – ჰყვება დარინა.
დარინა აღიარებს, რომ მარიამს ბავშვები არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის მიზეზად შიშსა და გამოუცდელობას ასახელებს. მისი თქმით, მარინა აბაშიძე მარიამის მამასთანაც მანიპულირებდა და რძლის ოჯახში დარჩენის სანაცვლოდ სახლის ყიდვას ითხოვდა.
“ბავშვებს ეუბნებიან, რომ მე დედა არ ვარ”
ყველაზე დიდი ტკივილი მარიამისთვის შვილებთან გაწყვეტილი კავშირია. ის ამბობს, რომ დედამთილი ბავშვებს მის წინააღმდეგ განზრახ განაწყობს.
“ერთხელ ძლივს დავურეკე, ბავშვმა რომ დამინახა, დედა დაუძახა ტელეფონს. მარინამ მაშინვე გამოართვა და უთხრა: ეს დედაშენი არ არისო. მერე ვიდეო გამომიგზავნა, სადაც ჩემი ქმარი სხვა გოგოსთან ერთად ზის მანქანაში და აწერია: “ამათ უკვე სხვა დედა ჰყავთ, შენ არ სჭირდებიო“. მემუქრებოდნენ, რომ თუ სოფელში ჩავიდოდი, თოფით დამხვდებოდნენ.“
მარიამის თქმით, მისი ყოფილი ქმარი, ლევანი, ბუნებით ცუდი ადამიანი არ არის, თუმცა დედის გავლენისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო. “თუ რამეს ჩემს დასაცავად იტყოდა, დედამთილი ემუქრებოდა – სახეში შემოგარტყამო. ტელეფონიც კი დაულეწა შვილს ჩემს გამო.“
ბრძოლა გრძელდება: “შვილები დედასთან უნდა იყვნენ“
დღეს მარიამი 20 წლისაა. ის ამბობს, რომ აღარ არის ის შეშინებული გოგო, რომელიც სახლიდან გაიქცა. მან უკვე მოამზადა პასპორტი და მზად არის სამართლებრივი ბრძოლისთვის.
“ბავშვებისთვის ვიბრძოლებ აუცილებლად! მე ისინი არ მიმიტოვებია, მე ისინი წამართვეს ფსიქოლოგიური ზეწოლით. ახლა ჩამოვედი თურქეთიდან, ფეხზე დავდექი და მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ, ვინ არის მათი ნამდვილი დედა,“ – აცხადებს მარიამი.
გოგონას დედა, დარინა, შვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს: „მინდა, ჩემმა შვილმა თავისი შვილები თვითონ გაზარდოს. მე მის გვერდით ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ტყუპები დედასთან დაბრუნდნენ.“
დავა შუახეველ ტყუპებზე, როგორც ჩანს, ახალ ფაზაში გადადის. ვინ არის მსხვერპლი და ვინ – მოძალადე? ამას, სავარაუდოდ, სასამართლო და სოციალური სამსახურები დაადგენენ.









