"დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა..." - ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი? - bbcnews.ge
საზოგადოება

“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?

ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა. ავარია სოფელ ახალ კახათთან გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული ახალგაზრდა ქალი, ელისო გუჯეჯიანი გარდაიცვალა.

როგორც შევიტყვეთ, იმ საბედისწერო დღეს ელისო გუჯეჯიანი დედის საფლავზე მიდიოდა. სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. გარდაცვლილია ელისო გუჯეჯიანი, ქვეითად მოსიარულე. როგორც ამბობენ, ელისო თბილისში ცხოვრობს და დედის საფლავის მოსანახულებლად ჩამოვიდა სოფელში. ავარია სასაფლაოსთან მოხდა. როგორც მძღოლი ამბობს, ქალბატონი ავტომობილიდან გადმოვიდა და სწორედ ამ დროს დაეჯახა მას სხვა მანქანა, რომლის მძღოლი უკვე დაკავებულია. გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა თუ რა იყო მიზეზი, ეს არ ვიცი. გამოძიება დაწყებულია.

ცოცხალი იყო ქალბატონი, კლინიკაში რომ გადაიყვანეს, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. 

ასევე, დაშავდა იმ ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი, მძღოლის მეუღლე და მათი 10 თვის შვილი. როგორც შევიტყვე, მცირე დაზიანება აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გარდაცვლილი ჩვენს მუნიციპალიტეტში არ ცხოვრობს. თბილისში ცხოვრობს და დედის საფლავის მოსანახულებლად ჩამოსულა. ძალიან პატარა, 4 წლის ყოფილა, დედა რომ გარდაეცვალა და დეიდებს გაუზრდიათ.

ის ბიჭი, ვინც დაეჯახა, გვერდით სოფელში მცხოვრებია. აფხაზეთიდან დევნილები არიან, კომუნისტების დროს იყო პროფსასწავლებელი, იქ ცხოვრობენ დევნილები და – ეს ბიჭიც ოჯახთან ერთად. რამდენიმე კორპუსია. მძღოლი მაშინვე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს.

ავარია მოხდა ანაკლია-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე. ძალიან სწორი გზაა, არც მიხვეულ-მოხვეული, არაფერი. ყველას იმედი ჰქონდა, რომ დაშავებული გადარჩებოდა, ოპერაცია უკეთდებოდა. წუხელ, გვიან რომ დავრეკე, გავიგე, რომ გარდაიცვალა. ამ ქალბატონს მეუღლეც გარდაცვლილი ჰყოლია, ჰყავს შვილები, სამძიმარს ვუცხადებ მათ”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” მერის წარმომადგენელმა სოფელ ახალკახათში  ჯაბა აბსანძემ.

ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, რომ ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.

“ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, იმის მერე დეიდებმა გაზარდეს. როგორ მტკივა ეს ყველაფერი. ჩემი ელისო აღარ არის, როგორი მწარეა. როგორც ვიცი, გადაჭარბებული სიჩქარეა ავარიის მიზეზი. დედის საფლავზე მივიდა, ამბობდა, დედა მესიზმრებაო და მივიდა, იქ დაარტყა მანქანამ. მანქანიდან გადმოვიდა და ამ დროს დაეჯახა. ძალიან დიდი ტკივილია”, – ამბობს ნათესავი.

წყარო: “კვირის პალიტრა”

Back to top button