
სიდნეიში, ბონდი ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 წლის გოგონაა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელმაც თავდასხმისას შეიარაღებულ პირს იარაღი გამოგლიჯა. ის 43 წლის აჰმედ ალ აჰმედი აღმოჩნდა. მას საზოგადოებამ გმირი უწოდა.
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მიიჭრა აჰმედ ალ აჰმედი შეიარაღებულ თავდამსხმელთან, წაართვა მას იარაღი და აიძულა უკან დაეხია.
როგორც ირკვევა, სროლის დროს, 43 წლის აჰმედ ალ აჰმედი თავადაც დაიჭრა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მისი ოჯახის ინფორმაციით, მას ოპერაცია ჩაუტარდა.
აჰმედ ალ აჰმედი, ხილის მაღაზიის მფლობელი და ორი შვილის მამაა.
ცნობისთვის, თავდასხმა ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს მოხდა – პოლიციის თქმით, მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ.
პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირები, რომლებიც შეკრებილებს თავს დაესხნენ, მამა-შვილი იყო. პოლიციამ 50 წლის მამაკაცი ადგილზე მოკლა. 24 წლის მამაკაცი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.
პოლიციის ცნობით, სიდნეიში ებრაული თემის უსაფრთხოებისა და მხარდაჭერისთვის დამატებითი ზომების მისაღებად 328 ოფიცერია მობილიზებული.
იმ ადგილას, სადაც თავდასხმა მოხდა, მოქალაქეები მიდიან, ახლომდებარე დაწყებითი სკოლის კუთხეში აღმართულ იმპროვიზებულ მემორიალს ყვავილებით ამკობენ და ებრაული თემის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ









