დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას - bbcnews.ge
საზოგადოება

დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა – ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას

„30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 1.697 მლნ ადამიანი“ – ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს სტატისტიკაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 25 814-მა პირმა ისარგებლა, ჯამურად მათზე პენსიის სახით კი 118 მლნ ლარი გაიცა.

„საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 8 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მლრდ ლარს მიაღწია“, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით – 2%+2%+2%.

რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა

საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:

1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;

2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;

3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

Back to top button