
აბაშაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა, ლიკა კუჭუხიძე, რომლის გადარჩენას უფალს მთელი საქართველო შესთხოვდა, გადარჩა. გოგონა კლინიკიდან ორი კვირის წინ სახლში გამოწერეს, ახლახან კი ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა.
ცნობისთვის, უმძიმესი ავარია, 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა, რასაც ლიკას მეუღლის, 19 წლის დედისერთა ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა სამწუხაროდ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
ამ ულამაზეს წყვილთან ერთად დაშავდა ბაჩოს გამზრდელი ბიძა, რომელიც იმ დღეს მართავდა საჭეს. ბიძაც ასევე კლინიკაში იყო მოთავსებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, თუმცა ის უფრო ადრე გამოწერეს კლინიკიდან.
ლიკა კუჭუხიძის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მისი ახლობელი Ambebi.ge-ს ესაუბრა:
“ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია, კარგად ჩაიარა. იმედია წამოდგება ფეხზე, უფლის იმედით. ლიკა ორი კვირის წინ გამოწერეს სახლში, მას შემდეგ სულ იწვა, მისთვის გატოკებაც კი არ შეიძლებოდა, არც – სტრესი. ამიტომ არ ეუბნებოდნენ ბაჩოს ამბავს. ტელეფონსაც არ აძლევდნენ. ხერხემლის ორ მალაზე ჰქონდა დაზიანებები და ამიტომ გაუკეთდა ოპერაცია.
სახლში ყოფნისას სულ ბაჩოს კითხულობდა, დამალაპარაკეთო. ეუბნებოდნენ, რომ რეანიმაციაში იყო ბაჩო, თბილისში. ბაჩოს დედაც ყოველდღე ლიკასთან იყო, ახლაც იქაა. ძალიან უყვართ ერთმანეთი. უმაგრესი ქალბატონია ბაჩოს დედა. ძალიან ცოდოა ლიკუნა, ახლა უფრო და უფრო იგრძნობს ტკივილს. რატომ უნდა მომხდარიყო ეს ტრაგედია, ხომ შეიძლება ებედნიერათ” – ამბობენ გოგონას ახლობლები Ambebi.ge-სთან საუბრისას









