რა ქონებას ფლობს თავად ჯორჯინა უზკატეგუი? - საკუთარი კომპანია, ამერიკული განათლება და უცნობი ფაქტები - bbcnews.ge
საზოგადოება

რა ქონებას ფლობს თავად ჯორჯინა უზკატეგუი? – საკუთარი კომპანია, ამერიკული განათლება და უცნობი ფაქტები

ჯორჯინა უზკატეგუი ბადელით ქართული და უცხოური მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის UFC-ის ჩემპიონთან ერთად გამოჩნდა – ჯორჯინა ილიას თან ახლდა ყველა ბრძოლის დროს, იზიარებდა მის კარიერულ წარმატებასა და წარუმატებლობას. ჩანდა, რომ ის ქართველი სპორტსმენის დიდი გულშემატკივარი იყო. 

„ანტერპრენერი, ცოლი და დედა“ – თავად ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი ასე გამოხატავდა საკუთარ პოზიციას.  ამბობდა, რომ მისი მეუღლე, ილია თოფურია, ფოკუსირებული იყო სპორტზე მაშინ, როცა თავად უძღვებოდა ოჯახის ბიზნესს.  კომპანიას, სადაც ჯორჯინა მუშაობს, “Future and Energy” ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში. 

„მე ვფლობ Future and Energy-ს, Future and Alakaline Water-ს და Future Home Restoration-ს, რომლებიც მაიამიში, ფლორიდაში ფუნქციონირებენ. ამჟამად ჩემს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ჩემს მემკვიდრეობას ვქმნი. ჩემი მეუღლე სპორტზეა ორიენტირებული, მე კი ჩვენი ოჯახის მთელ ბიზნეს სტრუქტურას ვმართავ, მათ შორის, ფინანსურ და იურიდიულ ასპექტებს. მე ბიზნესი და ფინანსები შევისწავლე და ახლა ჩემი გამოცდილება ფასდაუდებელია Topuria Brand-ის მართვაში“, – ამბობდა ის. 

ის ასევე მუშაობდა უძრავი ქონების აგენტად, მარკეტინგის სფეროში და სწავლობდა Miami Dade College-სა და Suffolk University-ში. ეს ყველაფერი ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა 29 წლის ასაკში მოახერხა. მას ჰყავს მშობლები და ერთი ძმა.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი 2024 წლის თებერვალში ილია თოფურიასთან ერთად საქართველოშიც იყოფებოდა – მან სამახსოვრო ფოტო სოციალურ ქსელშიც გააზიარა, ქართველ ხალხს კი ძლიერი, კეთილგანწყობილი, ღვთისმოშიში უწოდა: “საოცარი გამოცდილებაა – მდიდარი კულტურა და გემრიელი კერძები – დიდი მადლობა”, – დაწერა მან. 

გამოცემა Sportscasting -ის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჯორჯინა უზკატეგუიმ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა. წყვილს არასდროს გაუზიარებია ინფორმაცია ოფიციალური ქორწინების შესახებ, უცნობია, ისიც, არსებობს თუ არა მათ შორის საქორწინო კონტრაქტი. ამის ფონზე კი, Sportscasting წერს, რომ უზკატეგუი თოფურიას ქონების 50%-ს ითხოვს. 

ოფიციალური წყაროები ჯორჯინა უზკატეგუი ბადელის ქონებრივი დეკლარაციის ან შემოსავლის შესახებ არ იძებნება, თუმცა მის მიერ LinkedIn-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის Future and Energy-ისა და მასთან დაკავშირებული ორი კომპანიის მფლობელია. დასავლურ მედიაზე დაყრდნობით კი, ილია თოფურიას ქონება რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტია – celebritynetworth.com-ის მიხედვით, ილიას ქონება 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ცნობილია ისიც, რომ ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის თოფურიამ 350,000 დოლარი, ხოლო მაქს ჰოლოუეის დამარცხებისთვის – 2.44 მილიონი დოლარი მიიღო. 

მიუხედავად პირად ცხოვრებაში არსებული დაბრკოლებებისა, ილია თოფურია აგრძელებს სოციალურ ქსელებში აქტიურობას, მეტიც, ის ესპანეთში ოფიციალურ საღამოებსაც ესწრება. წვეულებაზე, სადაც მასთან ერთად ევა ლონგორია, რიკი მარტინი და სხვა ვარსკვლავები იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებმა განქორწინებასა და მეუღლეზე ჰკითხეს. ილია თოფურიამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ კამერებთან პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებს. 

ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაწყვიტონ. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს. 

ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი აქტიურად აქვეყნებს სოციალურ ქსელში შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გადაღებულ კადრებს, წერს სამოტივაციო ტექსტებს, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე ამ დრომდე არ საუბრობს. 

Back to top button