
„ასე მოხდა, სამწუხაროდ. რთულად გადავიტანე, მაგრამ ძალიან დამეხმარა ჩემი ღონისძიებები, ჩვენებები, კინოში გადაღება, თეატრში კურსები გავიარე… მაქსიმალურად დავიტვირთე და მიხარია, რომ გამოვდივარ გარეთ და ვსუნთქავ თავისუფლად.
მემუქრებოდნენ ჩემი ბრენდის წართმევით. კი, ეს უკავშირდება ჩემს განქორწინებას, მაგრამ მე ხომ უშიშარი გოგო ვარ. ამის რისკი არ არსებობს, მუქარები არ ჭრის ჩემთან, მე მეკუთვნის ეს ბრენდი, ჩემია.
კარგი მამაა, კარგი ურთიერთობა აქვს ორივე ბავშვთან. ამ ქვეყანაშიც შეუძლია ქალს, კაცის დახმარების გარეშე მიაღწიოს იმას, რასაც სურს. ქალმა არ იცის, რამხელა ენერგიის და ძალის მატარებელია. ხანდახან გარშემომყოფები თრგუნავენ ამას და აჯერებენ, რომ არიან სუსტი არსებები. ჩვენ ქალებს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.
ინგლისურს ახლა ვსწავლობ, უნივერსიტეტი დამთავრებული არ მაქვს, 15 წლიდან მარტო ვცხოვრობ და მუშაობა იყო ჩემთვის პრიორიტეტი. თუ ახლა ზიხართ სახლში და ვინმე გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ მხოლოდ ბავშვებისთვის გაჩენილები, თქვენ თქვენი ოცნებები არ უნდა აიხდინოთ – ქალებს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორი განათლებაც არ უნდა გვქონდეს.
როცა ჩემი ბრენდი შევქმენი, ღონისძიებებზე დავიწყე სიარული, ყველას ეგონა, რომ ჩემი ყოფილი ქმრის დაფინანსებით მივდიოდი. თავიდან მართლაც დამეხმარა, პირველი 6 თვის მანძილზე, ახლა ჩემი ბრენდი თვითკმარია.
ახალი სახლი, ახალი მანქანა, ყველაფერი ახალია ჩემს ცხოვრებაში – ეს არის ბოლო შემთხვევა, როცა ჩემს ყოფილ ქმარზე ვსაუბრობ. თავს არავის ვაცოდებ, შესაცოდებელი არაფერი მჭირს. ქმარი აღარ მეყოლება, აღარც საქორწინო კაბა აღარ მინდა… დაბადების დღეს გადავიხდი იმ ადგილას, სადაც ქორწილი მინდოდა, ჩავიცვამ არა საქორწინო, მაგრამ თეთრ კაბას – არ არიან საჭირო კაცები ოცნებების ასახდენად”, – თქვა თამო ვაშალომიძემ “პოდკასტი Eclectic’ა”-ში სტუმრობისას.









