დენი ძვირდება - ცნობილია დაახლოებით რამდენით მოიმატებს ელექტროენერგიის გადასახადი - bbcnews.ge
საზოგადოება

დენი ძვირდება – ცნობილია დაახლოებით რამდენით მოიმატებს ელექტროენერგიის გადასახადი

ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დენის ტარიფი შესაძლოა, ისევ 3 თეთრით გაძვირდეს, რა მოცულობითაც 2 წლის წინ შემცირდა. ეს უკვე მეორე ასეთი კომბინაციაა. როდესაც ,,ქართული ოცნება” ქვეყნის სათავეში მოვიდა, 3.5 თეთრით შემცირდა დენის გადასახადი და მერე ზუსტად იმდენივეთი გაიზარდა. ამჯერადაც იგივე კომბინაცია გათამაშდება.

ენერგეტიკოსებისთვის გაძვირება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა სატარიფო პოლიტიკის ნაწილში ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას მწვავედ აკრიტიკებენ. არის საპირისპირო მოსაზრებაც, სპეციალ;ისტების მეორე ნაწილ;ი თვლის, რომ დენის ტარიფი ღირებულებას რეალურად არ შეესაბამება და მისი გაზრდის გადაწყვეტილება ლოგიკურია.

რაც შეეხება უკვე დაანონსებულ ცვლილებას. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის სექტორში ტარიფის არსებითი კორექტირება არ იგეგმება. წყალმომარაგებაში კი  ტარიფის გადახედვა 2026 წლის ბოლომდე არ მოხდება.

„ალბათ, გახსოვთ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ტარიფები 2 წლის წინ 3 თეთრით შევამცირეთ. აქედან გამომდინარე, ალბათ, დაახლოებით, რაც შემცირდა, იმავე მოცულობით გაზრდა მოხდება, თუმცა ჯერ ამაზეც ნაადრევია საუბარი.

წყლის ტარიფებს რაც შეეხება, გადახედვა წელს არ უწევს. წყალმომარაგების ტარიფი „ჯივიპისთვის“ 2026 წლის ბოლომდეა დადგენილი და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გადაიხედება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

თავის დროზე, როცა ტარიფი ძვირდებოდა, ერთადერთ არგუმენტად სახელდებოდა ლარის კურსი, რომელიც იმ დროისთვის 3,30-მდე გაუფასურებული იყო. სემეკში გაანგარიშება 2,97-იან ნიშნულზე მოახდინეს და ჯერ დენი გაძვირდა, მოგვიანებით – გაზი. ახლა კურსი 2,70-ის ფარგლებშია, ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურია და  ნდობაც მაღალია. გავლენიანი ანალიტიკური ორგანიზაციები ლარს კიდევ უფრო გამყარებასაც კი უწინასწარმეტყველებენ.

შესაბამისად, ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიის გაიაფების ყველა წინაპირობაა, მაგრამ სემეკი კვლავ რჩება გამანაწილებელი კომპანიების ინტერესების გამტარებლად და მისი ქმედებით მოსახლეობა ზარალდება.

,,გადასახადის გაზრდა აბსოლუტურად არ ჯდება არც ერთ კანონზომიერებაში. ბევრჯერ გვისაუბრია და დღესაც ვრჩები პოზიციაზე, რომ არის რეზერვი, გადასახადი მინიმუმ შენარჩუნდეს, თუკი არ გაიაფდება. თუ გადახედავთ ძველ ხელშეკრულებებს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ვალი აქვთ კომპანიებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. მე ვერ ვხედავ გადასახადის გაძვირების  აუცილებლობას. თუკი თავის დროზე გაცვლითი კურსის მიზეზით იზრდებოდა გადასახადი, კეთილი ინებონ და ამავე მიზეზით მოხდეს გაიაფებაც. ბოლოს და ბოლოს, გვანახონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე. 

მესმის, რომ სემეკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ეს სტრუქტურა მუდმივად კომპანიების დიქტატის ქვეშ იმყოფებოდეს და ყოველთვის მათ ინტერესებს ითვალისწინებდეს? არსებული არგუმენტები, რასაც სახელმწიფო სტრუქტურებისგან, გნებავთ სემეკისგან ვისმენთ, მიუღებელი მგონია და ვერ გავიზიარებ. 

ასეთი მიდგომა საბოლოოდ მოსახლეობის მდგომარებაზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს და საგადასახადო ტვირთს ამძიმებს. გარდა ამისა, სამომავლოდ მოიმატებს გაზისა და წყლის გადასახადიც და აბსოლუტურად ყველა მიმართულება, რის წარმოებაც პირდაპირ თუ ირიბად დენის მოხმარებას უკავშირდება”, – განაცხადა ,,რეზონანსთან” თემურ ჭიჭინაძემ.

თუმცა ენერგეტიკოსების ნაწილი სემეკის პოზიციაც უჭერს მხარს და ფიქრობს, რომ ტარიფის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული და რეალურად სხვა გამოსავალი არ იყო. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილის აზრით, ტარიფის შემცირება ენერგეტიკის დარგს განვითარების შესაძლებლობას უსპობს, ამის საშუალებას ეკონომიკა არ იძლევა და შესაბამისად, გადასახადების კლება ვერ ხერხდება.

,,გადასახადის ზრდას აქვს თავისი დასაბუტება. გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული გაძვირების შესახებ, არ უნდა იყოს მოულოდნელი. ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივაციით არის განპირობებული, ალბათ შესაბამისი განმარტებაც გაკეთდება. ერთი ვიცი, რომ გაზის საშუალებით ხდება ტარიფების სუბსიდირება. გაზი უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე თბოსადგურებს აძლევენ. ეს დაკლება  ნამდვილად არ არის კარგი, იგივე ფული, რაც სუბსიდირებაზე იხარჯება, მიზანმიმართულად უნდა გაიხარჯოს. 

როგორც წესი, გადასახადის  ხელოვნური შემცირება მდიდრების დახმარებაა. ვიღაც თუ არის სოციალურად დაუცველი, კომპენსაცია გაეწიოს და ამით დაბალანსდეს. ტარიფი, რომელიც ამჟამად მოქმედებს, ნამდვილად არ არის შესაბამისი. ელექტროენერგიის გადასახადის გაიაფებაზე არც უნდა ვიფიქროთ, საშუალება არ არის. ამჟამად მოქმედი სოციალურ ტარიფადაა მიჩნეული, რომ შეძლოს მოსახლეობამ ყიდვა, ხოლო კომპანიებმა საქმიანობა გააგრძელობა, განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია. 

თუ გვინდა სექტორი განვითარდეს, ტარიფები უნდა იზრდებოდეს, მაგრამ ამის საშუალებას ეკონომიკა არ იძლევა.  ამიტომ ვართ ასეთ სიტუაციაში”, – აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა ,,რეზონანსთან” საუბრისას.

ცნობილია, რომ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ტარიფებს სწორედ სემეკი ადგენს, უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით კი, არსებული გადასახადი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს და იქამდე არ შეიცვლება. რაც შეეხება “გაერთიანებულ წყალმომარაგებას”, ტარიფთან დაკავშირებით დეტალები გასაჯაროვდება, როგორც კი სემეკში ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყება. რეგიონებში ტარიფების შეცვლასთან დაკავშირებით მინიშნება რამდენიმე დღის წინ მინისტრმა რევაზ სოხაძემ გააკეთა.

Back to top button