
თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ისაუბრა მის მიმართ წონის, სამოქალაქო პოზიციისა და თუ საკითხების გამო ბულინგის შესახებ:
“ძალიან ხშირად მეუბნებით, ნუ მიაქცევ ყურადღებას, დაე, დაწერონ რაც უნდათო, თუმცა, ჩემი აზრით, სიჩუმე ნიშნავს იმას, რომ სხვას მისცე უფლება თავიანთი მოგონილი სიმართლე ილაპარაკონ შენზე.
როდესაც წონას ვებრძოდი, მსუქანს მეძახდით და, თითქოს, ამას ჩემს დასამცირებლად იყენებდით. ახლა დავიკელი და ამბობთ, რომ სხვადასხვა საშუალებით დავიკელი. თითქოს არ მოგწონთ საკუთარ თავზე შეყვარებული ქალი, არ გსიამოვნებთ, თავს რომ კომფორტულად ვგრძნობ, საკუთარ თავზე გავიმარჯვე, ბედნიერი ვარ, ცხოვრებაში პირველად ვარ მშვიდად და კმაყოფილი იმით, რაც გავაკეთე.
ჩემში მოგწონდათ იმ ქალის დანახვა, რომელიც ადვილად შესაშინებელი იყო, დეპრესიული იყო, მაშინ, თითქოს, უფრო მისაღები ვიყავი. რატომღაც, ვერ მოვერგე თქვენს გემოვნებას. ყველა ცდილობთ, რომ მაიძულოთ, ვიყო იმ აზრზე, რა აზრზეც თქვენ ხართ, მომწონდეს ის, რაც მოგწონთ თქვენ. რატომ თვლით თქვენს თავებს იმდენად მნიშვნელოვნად, რომ გაქვთ უფლება ვინმეს რამე აიძულოთ.
პირველად ვგრძნობ თავს ესე კარგად და ვერავის მივცემ უფლებას, რომ ეს სიმშვიდე დამაკარგვინოს და არავის გაქვთ უფლება დამაკარგვინოთ ის, რაც ამ სიმშვიდეს მანიჭებს. ამისთვის გავიარე უზარმაზარი გზა და მადლიერი ვარ, რომ ეს გზა გავიარე თავის ტკივილით, დანაკარგებითა და უსაზღვრო შრომით, რომ დღეს ეს გოგო მეპოვა, რომელსაც თქვენ უყურებთ.
ამ პერიოდის განმავლობაში ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი დები, საყვარელი ადამიანი, შვილი და მეგობრები, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთი მეგობრები, რომლებმაც ჩემს ცვლილებებს ვერ გაუძლეს და ჩვენი გზები გაიყო,” – ამბობს თიკა ჯამბურია.









