
კოპი-ლივაკი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავაა, რომელსაც, არც მეტი და არც ნაკლები, ერთი პატარა ძუძუმწოვრის განავლიდან იღებენ. ეს ცხოველი მუსანგია (Paradoxurus hermaphroditus), რომელიც ყავის კენკრას ჭამს და შემდეგ მოუნელებელ მარცვლებს ორგანიზმიდან ფეკალიების სახით გამოყოფს.
იმის გასარკვევად, თუ რა ხდის ამ ყავას განსაკუთრებულს, ინდოეთის კერალას ცენტრალურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. მათი მიზანი იმ ქიმიის შესწავლა იყო, რომლის შედეგადაც კოპი-ლივაკი მიიღება.
ეს ყავა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს. მან მალევე გაითქვა სახელი და იმდენად ძვირად შეფასდა, რომ ერთი კილო მარცვლები 1000 ან მეტი აშშ დოლარი ღირს. რა თქმა უნდა, ამან მუსანგების პოპულარობაც გაზარდა — ცხოველების, რომლებიც მანამდე სამეურნეო მავნებლებად მიიჩნეოდნენ. მათთვის ასეთი ცნობადობა არასახარბიელო გამოდგა, რადგან დღესაც კი ისინი დამწყვდეულები ჰყავთ და ყავის კენრას აჭმევენ, რათა ფასეული პროდუქტი მოიპოვონ.









