
მომღერალი სოსო პავლიაშვილი, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, არ შეუერთდა იმ არტისტების რიცხვს, რომლებმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს. მეტიც, ის ჩვეულებრივ აგრძელებს სამთავრობო კონცერტებზე გამოსვლას და არ უშვებს ხელიდან შანსს, რომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია რუსეთის, როგორც მისი მეორე სამშობლოს შესახებ.
ამჯერად საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ინტერვიუდან ფრაგმენტს აქვეყნებს და ჟურნალისტის შეკითხვას, ენატრება თუ არა სამშობლო, ასე პასუხობს:
– რა თქმა უნდა, მენატრება. მე ჩემი სამშობლოს ნაწილი ვარ. ყოველთვის ვამბობ, რომ ჭიპლარით საქართველოსთან ვარ დაკავშირებული, მაგრამ გული მიცემს რუსეთში. სხვათა შორის, ჩემს კონცერტზე ეს სიტყვები ვთქვი, რომ რუსეთი არის პური, ქრისტეს სხეული, ხოლო საქართველო – სისხლი, ღვინო. ღვინო – ეს ქრისტეს სისხლია. ამიტომ, ეს ყველაფერი დარჩა იქ და იქ დავტოვე ის სიმღერებიც.
ალბათ, გახსოვთ, 1989 წელს, როცა იურმალაში პირველი გრან-პრი მოვიგე, სიმღერით – “თავისუფლება”. მე მას ჯგუფთან “ბრავო მეტეხი” ვასრულებდი. ასევე, ჩემს საიუბილეო კონცერტზე ვმღეროდით “არგოსთან” ერთად “ჩიტო-გვრიტოს”. სხვათა შორის, ეს ყველაფერი რუსეთის “პირველმა არხმა” აჩვენა. ეს საქართველოს მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ქართულად ვლოცულობ, ქართულად ვფიქრობ, ქართულად მესიზმრება. მადლიერი ვარ რუსეთის იმისთვის, რომ მან არ დამანგრია – პირიქით, მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ და ამისგან, ვფიქრობ, არავინ დაშავებულა.
მის გვერდზე გამოქვეყნებულ ამონარიდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველების მხრიდან. ზოგი იქვე აფიქსირებს თავის პოზიციას, კომენტარის სახით:
- “კაი რა, “ტელა ხრისტას” როგორ ეძახი ამ მკვლელების ქვეყანას!”
- “სოსო, ვერასდროს დავიჯერებ, რომ კრემლის პროპაგანდით ხარ შენც ნაკვები. მაგრამ “ქრისტეს სხეულზე” თქმა, არის ის, რომ საკუთარ თავს არ სცე პატივი… მაპატიე, მაგრამ ასეა…”