
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აქციაზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი ამ ფორმით დაკავება სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა.
“ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, პატიოსნებით, ჰუმანიზმით, პატრიოტიზმით და ყველა იმ თვისებით, რაც ექიმებს ახასიათებთ. აღნიშნული ვაჟამ მრავალჯერ დაუმტკიცა თავის ხალხსა და ქვეყანას. ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა, რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ, დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე? დავიჯერო, ვინც ამას ავალებს და აკეთებს, თვითონ სჯერა, რომ ეს ხალხი, ვინც, თითქმის, ერთი წელია რუსთაველზე დგას, მართლა “ხალხის მტრები” არიან?
ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადაწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გავიმეორებ, რაც მრავალჯერ დავწერე, რომ დათმობა ყოველთვის სიბრძნის ნიშანი და უფრო ძლიერის პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.
თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმსა და პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ უკვე ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს!” – წერს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, წუხელ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სხვა მონაწილეებთან ერთად, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს.ასევე, მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სვამენ ვაჟა გაფრინდაშვილს საპატრულო პოლიციის ავტომობილში. ასევე, ჩანს, რომ მას პირბადე უკეთია და ისმის პოლიციელები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორ აყენებენ.
შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის 20-მდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა სისხლის სამართლის წესით დააკავეს.