
2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს.