
დღეს დილას, მთელმა საქართველომ გაიგო ოთო გვრიტიშვილის სახელი – ფოტოგრაფის, გორის ხელოვნების სახლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რომელიც ქალაქ გორიდანაა. მისი პროფესია ფოტოგრაფია და გორის ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელობაა, მაგრამ სახალხო აღიარება მან უჩვეულო და გმირული საქციელით მოიპოვა: დრონის დახმარებით ალცჰაიმერით დაავადებული მამაკაცი იპოვა, რომელსაც ოჯახი და სამძებრო სამსახურები ოთხი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
ოთო გვრიტიშვილმა, რომელიც ძებნის პროცესს საკუთარი ინიციატივით და დრონით შეუერთდა, დაკარგული მამაკაცი მდინარე მეჯუდის სანაპიროზე, გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ნახა. მამაკაცი, რომელიც დასუსტებული და წამლების გარეშე იყო დარჩენილი, სამაშველო სამსახურმა უკვე უსაფრთხოდ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
დეტალების მოსაყოლად ოთო გვრიტიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გაიხსენა ძებნის დეტალები და ემოციური მომენტები.
თითქმის ოთხი დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა ჯგუფში, რომ გორიდან ალცჰაიმერით დაავადებული მამაკაცი დაიკარგა. თავიდან ამბობდნენ, რომ თითქოს დიდუბეში ნახეს, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიამსგავსეს. გუშინ დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გორის გასასვლელში, სოფელ ბერბუკთან დააფიქსირა ერთ-ერთმა კამერამ, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა. ეძებდა სამაშველო, პოლიცია… ისეთი ადგილი იყო, ვერ ვიტყვი, რომ ტრიალი მინდორი, მაგრამ მაღალი ბალახები და ხეებიც ხვდებოდა. განაგრძეთ კითხვა