
„10 წლის შემდეგ მამა ვიქნები და სხვა რაც არ უნდა ვაკეთო, ეს იქნება ჩემი მთავარი საქმე. ზოგადად, ყველაზე მეტად ტანსაცმლის შექმნა მსიამოვნებს, მაგრამ რადგან ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, მინდა სხვა რაღაცებიც ვცადო. ვიცი, რომ ექსპერიმენტებისათვის ღია ვარ და ისიც ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების ძირითადი საქმე მაინც არის ტანსაცმლის შექმნა“, – ასე უპასუხა დემნა გვასალიამ კითხვას, თუ სად ხედავს საკუთარ თავს და რით იქნება დაკავებული 10 წლის შემდეგ. ქართველმა დიზაინერმა ამ თემაზე პოდკასტში Intersections: The Art Basel ისაუბრა.
დემნა გვასალია საკუთარი ოჯახის შესახებ იშვიათად საუბრობს. ცნობილია, რომ მას ჰყავს მშობლები, ძმა, გურამ გვასალია და მეგობარი მამაკაცი, ლოიკ გომესი, რომელიც მის მხარდასაჭერად ჩვენებებზე ხშირად ჩნდებოდა. როგორც დიზაინერმა არაერთხელ აღნიშნა, სექსუალური ორიენტაციის გამო საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის ოჯახის ზოგიერთი წევრისთვისაც, მიუღებელი პერსონაა. საქართველოს დემნა სევდით იხსენებდა და ამბობდა, რომ დაბრუნება არ შეუძლია, რადგან ის ღიად გეია და მისი ნათესავები კი – ჰომოფობები. “საქართველოში ვერ დავბრუნდები, იქ სიკვდილით მემუქრებიან. ჩემი ღვიძლი ბიძაა ერთ-ერთი მათგანი”, – ამბობდა დემნა. მან მოყვა, როგორ აუკრძალა ბიძამ მეზობლის ბიჭთან ურთიერთობა, როცა ისინი ერთხელ ერთად ნახა.
იმ ქვეყანაში გაზრდილი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვარ, ყოველთვის ვცდილობდი, მაგარი ბიჭის როლი მეთამაშა, რომელსაც შეეძლო იმ უბნებში გადარჩენა, სადაც ვცხოვრობდი. მაგრამ შინაგანად ამას ვერ ვგრძნობდი”, – ამბობდა დიზაინერი.
დემნას თქმით, პირველი მამაკაცი მის ცხოვრებაში 25 წლის ასაკში გამოჩნდა, თუმცა მშობლებს მხოლოდ 32 წლისამ უთხრა. ძირითადად ურთიერთობდა ადამიანებთან, რომლებმაც იცოდნენ სიმართლე, მაგრამ მათთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა.