
გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საქაშეთთან მოხდა.
საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ორი პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. გარდაცვლილი საქაშეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი დაჩი მოგელაშივლია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
საქაშეთის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“დიდი ელდაა სკოლისთვის და მოუშუშებელი ტკივილი დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება. ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი. ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და მეგობრული.
მისი ურთიერთობა თანაკლასელებთან სიყვარულით იყო გაჯერებული. მასწავლებლების მიმართ თავაზიანი და კეთილგანწყობილი. საზოგადოებისთვის ზრდილი და კეთილი. დიდი დანაკლისია სკოლისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის სიცოცხლეზე შეყვარებული ბიჭის გარდაცვალება.
გულისტკივილითა და დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ჩვენი სკოლის მე-11კლასის მოსწავლის, დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას. ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა დაჩი! სიყვარულით გვემახსოვრები მარად” – ნათქვამია საქაშეთის საჯარო სკოლის სამძიმრის წერილში.
დაჩის სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან მეგობრები და ახლობლები.
“რამხელა ტრაგედიაა…
ამ უბედურების სიტყვით გადმოცემა ძნელია, ნათელი და სანთელი ქონოდეს შენს პატარა სულს…
ღმერთო რა სიმწარეა, გამძლეობა ოჯახს…
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ძალიან დიდი დანაკლისია ყველასთვის ასეთი ახალგაზრდას გარდაცვალება, უფალმა ნათელში ამყოფოს…
დაჩი, ჩვენო ღიმილა ბიჭო…
სული მტკივა. რა მწარე ხარ დაჩი. ვაი, შენს დედას შვილო. აცხონოს უფალმა მისი ლამაზი სული” – წერენ სოციალურ ქსელში.