
ორი წლის წინ 58 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბესო მეგრელიშვილი.
ბესო მეგრელიშვილმა 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (პროფ. ლილი იოსელიანის კლასი). ინსტიტუტის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში. პირველივე სპექტაკლში “ბედნიერი ბილეთი” მიიქცია საზოგადოებისა და თეატრმცოდნეების ყურადღება.
შალვა გაწერელიას თეატრიდან წასვლის შემდეგ, მუშაობა განაგრძო სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში, რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიასთან. სწორედ მასთან ტანდემში შექმნა გამორჩეული, დასამახსოვრებელი მხატვრული სახეები. უფრო ფართო აუდიტორიამ ბესო მეგრელიშვილი პოპულარული ტელესერიალებიდან გაიცნო, მათ შორის იყო: “ჩემი ცოლის დაქალები”, “ყავა და ლუდი”, “ჩვენი ოფისი”, “ჩიფსების თაობა”, “კლინიკა” და სხვ.