
„საკმაოდ რთული მდგომარეობაა ხარაგაულში. ორი სოფელი ფაქტობრივად აღარ არსებობს“, – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავაც აქტიურია. მიწის ნაპრალების გაფართოების, საცხოვრებელი სახლების განადგურებისა და მომატებული საფრთხის გამო, მოსახლეობის ნაწილმა სოფლები უკვე დატოვა. როგორც
ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე პროცესები მოკლე დროში განვითარდა. ერთი ვარაუდით, პროცესები ბუნებრივი ტექტონიკური
მოძრაობის შედეგად განვითარდა. მეორე ვერსიით კი, საქმე გვაქვს ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი მოვლენების თანხვედრასთან. ჯერჯერობით მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.