
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი არიან.
კანდელაკის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლალი მოროშკინა:
“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. სახელოვანი სპორტსმენები არიან დაპატიმრებული.
გთხოვთ ყველას დაიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჯერ ბრალი არ დამტკიცებულა! განსაკუთრებით ამაზრზენები ხართ ის ადამიანები, რომლებიც გიორგი კანდელაკის გაცნობას მთხოვდით, ფეხებში უვარდებოდით და მის გაშლილ სუფრებზე ჭამდით და სვამდით, ახლა კი პირველები გამოხტით და მიწაში დებთ!!!!
ტეხავს!თუ ვინმემ კანონი დაარღვია, დაისჯება!უბრალოდ ამდენი ბოღმა არაა საჭირო!. სამწუხაროდ 20 წელი არ მინახავს… ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გვტკიოდა ერთმანეთის დანახვა. მაშინ ლაღები, ახალგაზრდები და თავისუფლები ვიყავით… მაშინ. მინდა მხნეობა ვუსურვო ამ ძნელბედობის ჟამს. მინდა ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყოს. მინდა.” – წერს მოროშკინა.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი. გავრცელებული ინფორმაციით, კანდელაკთან და გოგიჩაიშვილთან ერთად დააკავეს, ქართლოს ჯალაბაძე – გორის აგრარული ბაზრის და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელის, გიორგი (გივი) ჯალაბაძის ძმა და ასევე გორში მცხოვრები ალექსანდრე კურტანიძე.