
საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ “მეტრონომი” მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ 14 სექტემბრიდან ამინდი შედარებით დასტაბილურდება.
“13 სექტემბერს დასავლეთში ზოგან და აღმოსავლეთში ყველგან არის მოსალოდნელი წვიმიანი ამინდი. კახეთში მოსალოდნელია ნისლიც. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა არსებულთან შედარებით 3-5 გრადუსით დაიკლებს.
ეს დღეები არასტაბილურია, თუმცა დასავლეთ საქართველოში დღის მანძილზე მაინც უნალექო ამინდები იქნება. აღმოსავლეთში საპირიაპირო სიტუაცია იქნება. ყველაზე მეტი ნალექი მოსალოდნელია 13 სექტემბერს. შესაძლებელია ძლიერი წვიმა, მათ შორის, დედაქალაქშიც.
14 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყება გამოდარება. სრული მზიანი დღეები არ იქნება, თუმცა დღის უმეტესი ნაწილი თბილისშიც იქნება უნალექო. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დამახასიათებელი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, მაგრამ არა ძლიერი” – განაცხადა მან.