ახალმა დიეტამ თაგვებში ტვინის კიბოს ზრდა შეანელა - bbcnews.ge
მსოფლიო

ახალმა დიეტამ თაგვებში ტვინის კიბოს ზრდა შეანელა

 გლიობლასტომა ტვინის ყველაზე აგრესიული კიბოა, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს. ამგვარი სიმსივნის დროს უჯრედები სწრაფად მრავლდება და ახლომდებარე ქსოვილებზე ვრცელდება. რაც საინტერესოა, მათ მიერ ნუტრიენტების, ანუ საკვები ნივთიერებების, გადამუშავება სულ სხვაგვარია.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ მიმდინარეობს გლიობლასტომის უჯრედებში გლუკოზის მეტაბოლიზება. დადგინდა, რომ ის ჩვეულებრივისგან განსხვავებულ ნუტრიენტულ მექანიზმებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც თაგვებისთვის სპეციალური დიეტა შეიმუშავეს და ამ კიბოს ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეანელეს.

ტრადიციული მკურნალობა ქირურგიულ ოპერაციას, რადიაციულ და ქიმიოთერაპიას მოიცავს. ამის მიუხედავად, გლიობლასტომა ხშირად ისევ ბრუნდება და მკურნალობისადმი რეზისტენტული ხდება. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ამის მიზეზი მავნე უჯრედების მეტაბოლური მახასიათებლების ცვლილებაა. მეტის გასაგებად მეცნიერებმა თაგვებისა და ონკოპაციენტების ორგანიზმში შაქარი ინიექციის გზით გადაიტანეს. აღმოაჩინეს, რომ ჩვეულებრივი და პათოგენური უჯრედები მას სხვადასხვა მიზნით მიიხმარდა. კერძოდ, პირველი მათგანი შაქარს ტვინის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნივთიერებების წარმოსაქმნელად იყენებს, მეორე კი მას ისეთ მოლეკულებად გარდაქმნის, რომლებიც გავრცელებაში ეხმარება.

 მეორე სხვაობა ის იყო, რომ ტვინის ჩვეულებრივმა უჯრედებმა შაქარი ამინომჟავების ფორმირებისთვის გამოიყენა, რომლებიც ცილების ერთგვარი საშენი მასალაა. სიმსივნურ უჯრედებში ეს მექანიზმი გათიშულია და ამის სანაცვლოდ ამინომჟავები სისხლიდან მიიღება. აქედან ივარაუდეს, რომ სისხლში ზოგიერთი ამინომჟავას შემცირება შეიძლება სიმსივნეზე ზემოქმედებდეს ისე, რომ ნორმალურ ქსოვილებს არ აზიანებდეს.

ამის შესამოწმებლად მათ თაგვებს შეზღუდული ამინომჟავების შემცველობის დიეტა დაუნიშნეს. სერინისა და გლიცინის შემცირებამ რადიაციული და ქიმიოთერაპიის შედეგი გააუმჯობესა – ასეთი რაციონის მქონე თაგვებში სიმსივნე უფრო დაპატარავდა, ვიდრე კონტროლ ჯგუფში.

ავტორებმა ამ მონაცემების მიხედვით მათემატიკური მოდელიც შექმნეს, რომელიც სხვადასხვა მექანიზმით გლუკოზის გამოყენებას ასახავს. ეს სათანადო მედიკამენტების მოძიებაში შეიძლება დაგვეხმაროს, რომლებიც მიზანში მავლე ქსოვილებს ამოიღებს.

Back to top button