„ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის, რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში, ჩემი ოცნებები რეალობად იქცა...“ - მარიამ შენგელია - bbcnews.ge
საზოგადოება

„ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის, რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში, ჩემი ოცნებები რეალობად იქცა…“ – მარიამ შენგელია

მარიამ შენგელიამ სულ ცოტა ხნის წინ საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონცერტზე წარადგინა, მას შემდეგ კი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნაცნობი და საინტერესო ფიგურა გახდა. მარიამი აქტიურია სოციალურ ქსელში და კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან ხშირად აქვეყნებს.

გამომწერებსა და გულშემატკივრებს შეუძლიათ, მის კარიერულ და ცხოვრებისეულ სიახლეებს ინსტაგრამსა და ფეისბუკზე ადევნონ თვალი. ახალი სატელევიზიო სეზონიდან კი ის მაყურებელს ეკრანიდანაც მიესალმა – ახლახან მას „რუსთავი 2“-ზე პირველი ეთერი ჰქონდა „შუადღის“ წამყვანის ამპლუაში. როგორია მისი ახალი როლი და რა გამოცდილებაა ეს მისთვის, ამის შესახებ მარიამ შენგელიამ „რადიო ფორტუნასთან” ისაუბრა:

„გარკვეული სატელევიზიო გამოცდილება კი მაქვს, მაგრამ როცა პირდაპირ ეთერში მუშაობ, ხუთმაგად საპასუხისმგებლოა. პირდაპირ ეთერში მცირე შეცდომის გამოსწორების შანსი ფიზიკურად არ გაქვს. მართლა ძალიან ვღელავდი, თუმცა პირველმა ეთერმა კარგად ჩაიარა. მეორე დღეს უფრო ნაკლებად ვღელავდი, თუმცა დღეს ორნი ვიყავით ეთერში, საკმაოდ დიდი ქრონომეტრაჟია, მაგრამ თავი გავართვით. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ტელეწამყვანობა. მარტივად მოვერგე ამ ამპლუას, ყველაფერი წინ არის და მგონია, რომ არ გამჭირდება. პასუხისმგებლობიანი და მაქსიმალისტი ვარ, ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის. რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში. ჩემი ოცნებები რომ რეალობად იქცა, თან, ასეთ პატარა ასაკში, ძალიან მიხარია. ჯერ ვარ 23 წლის. მთელი ცხოვრება წინ მაქვს. ბევრი ოცნებაა, კარიერული წინსვლა. ყველაზე დიდი მიზანი ჩემს ცხოვრებაში იყო „ევროვიზია“, რაც ავიხდინე. წინასწარი საუბრები არ არის კარგი. ძალიან მჯერა ავი თვალის, ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით და ვუფრთხილდები ყველაფერს. მჯერა, რომ თუკი ჩემს გეგმებს წინასწარ გავამხელ, გავითვალები”, – ამბობს მარიამ შენგელია „რადიო ფორტუნასთან” საუბრისას

Back to top button