
პორტუგალიის დედაქალაქში ფუნიკულიორის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილებს შორის კი არის სამი წლის გერმანელი ბიჭუნა – როგორც ცნობილია, ბიჭის მამა გარდაიცვალა, დედა კი 20-ზე მეტ დაშავებულს შორის არის.
პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან პორტუგალიის, სამხრეთ კორეის, შვეიცარიის, კანადის, გერმანიისა და უკრაინის მოქალაქეები.ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია ავარია. დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორმა, Carris-მა, განაცხადა, რომ ყველა ფუნიკულიორი შემოწმდება, მათივე თქმით, საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო
პორტუგალიის პოლიტიკური ელიტა ხუთშაბათს საღამოს წმინდა დომინიკის ეკლესიაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე მივიდა. ეკლესიის გარეთ შეკრებილი მოსახლეობა მთავრობას საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებდა.
“ხალხმა უნდა იცოდეს, რომ აქ უსაფრთხოდ არიან“ – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ოთხშაბათს საღამოს ავარიის ადგილზე იმყოფებოდა ტურისტული გიდი მარიანა ფიგეირედო. როგორც მან აღნიშნა, ძლიერი ხმა გაიგონა და ავარიის ადგილისკენ გაემართა:
“ხუთ წამში იქ ვიყავი. ხალხი გორაკის ძირში, ფუნიკულიორის ფანჯრებიდან ხტებოდა. შემდეგ კიდევ ერთი ტრამვაი დავინახე, რომელიც უკვე დამსხვრეული იყო. ხალხის დასახმარებლად გორაკზე ასვლა დავიწყე, მაგრამ როცა იქ მივედი, ერთადერთი, რაც მესმოდა, სიჩუმე იყო. როდესაც ფუნიკულიორის სახურავის ჩამოხსნა დავიწყეთ, შიგნით ცხედრები დავინახეთ”, – იხსენებს გიდი.