
26 წლის მეგი ფირცხელიანი გახდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პირველი სერტიფიცირებული ქალი მფრინავი საქართველოში. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქვეყნებს.
“ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების ახალი წესების შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობა ქალ მფრინავზე. მეგიმ პილოტ-კურსანტის საფრენოსნო მომზადების კურსის გავლა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პირველი დამოუკიდებელი ფრენა წელს, Aeroprakt A-22LS ტიპის საჰაერო ხომალდზე შეასრულა და წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა სააგენტოში. მინიჭებული მოწმობის ფარგლებში, მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მეორე კლასის (თვითმფრინავის) ექსპლუატაცია მეთაურის რანგში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი წესები 2024 წელს მიიღო. ნორმატიული აქტების მიღებამდე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დიდი ზომის საჰაერო ხომალდების (Boeing, Airbus და სხვ.) მიმართ დადგენილი სტანდარტების ქვეშ ექცეოდა. ახალი რეგულაციების მიღებით, საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოება, აღრიცხვა, ექსპლუატაცია და საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის მოპოვება გაცილებით მარტივი პირობებით არის შესაძლებელი. მათ შორის, უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მოამზადონ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ფრენის სურვილის მქონე პილოტ-კურსანტები.
ახალი წესების ამოქმედებიდან დღემდე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში ირიცხება 5 ერთეული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია 14 ერთეული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობა, აქედან 5 პირს აქვს ფრენის ინსტრუქტორის დაშვება:, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.