"თბილისის ზღვის ასახვევთან მოხდა საშინელი ავარია, რომელსაც ჩემი შვილის მეგობარი გოგონა შეეწირა, ჩემს შვილს კი მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა... ვეძებ გამვლელ ბიჭს, რომელიც მონიშნულია ფოტოზე" - ავარიაში დაშავებული პირის მამა მიმართვას ავრცელებს - bbcnews.ge
Faceამბები

“თბილისის ზღვის ასახვევთან მოხდა საშინელი ავარია, რომელსაც ჩემი შვილის მეგობარი გოგონა შეეწირა, ჩემს შვილს კი მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა… ვეძებ გამვლელ ბიჭს, რომელიც მონიშნულია ფოტოზე” – ავარიაში დაშავებული პირის მამა მიმართვას ავრცელებს

25 აგვისტოს, თბილისის ზღვის ასახვევთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, მასთან ერთად თანმხლებ პირს, დავით ღუღუნიშვილს კი მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. დაშავებული ბიჭის მამა მერაბ ღუღუნიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც მოპედით გადაადგილდებოდნენ, საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა დაეჯახა. მერაბ ღუღუნიშვილის თქმით, მანქანას თურქმენეთის ნასვამი მოქალაქე მართავდა.

დავითის მამა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეძებს გამვლელ ბიჭს, რომელიც ავარიას შეესწრო. მისი თქმით, ამ პიროვნებამ დიდი როლი ითამაშა დავით ღუღუნიშვილის სიცოცხლის გადარჩენაში.

“მეგობრებო, გთხოვთ, მაქსიმალურად გადააზიარეთ ეს პოსტი.

ვეძებ ამ პიროვნებას, რომელიც ორშაბათს, 25 აგვისტოს, საღამოს საათებში, თბილისისი ზღვის ასახვევთან მომხდარ ავარიას შეესწრო.

სასტუმრო “აფრას” მოპირდაპირედ, ზღვის შემოვლით გზაზე მოპედით მოძრაობდა ჩემი შვილი და მისი მეგობარი გოგონა. მათ საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა დაეჯახა, რომელსაც მართავდა საქართველოში მყოფი თურქმენეთის მოქალაქე და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ის გადავიდა ჩემი შვილის ზოლში, გზაც არ დაუტოვა, რომ აერიდებინათ შეჯახება.

მოხდა საშინელი ავარია, რომელსაც ჩემი შვილის მეგობარი გოგონა შეეწირა. უფალმა ნათელში დაუმკვიდროს სასუფეველი. ჩემს შვილს დასჭირდა მარცხენა ფეხის ამპუტაცია.

ამ ავარიას შეესწრო გამვლელი ბიჭი, რომელიც მონიშნულია ფოტოზე.

ჩემი შვილი ამბობს, რომ ამ პიროვნებამ დიდი როლი ითამაშა მისი სიცოცხლის გადარჩენაში და ძალიან უნდა, რომ ვიპოვო. მეც გულში ჩავიხუტო, მადლობა ვუთხრა და ჩემმა შვილმაც მადლობა გადაუხადოს იმ სიკეთისთვის, რაც მისთვის გააკეთა.

ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდით დამიდექით, ღმერთი სიკეთით დაგიბრუნებთ” – წერს ავარიაში დაშავებული ბიჭის მამა.

Back to top button