
სავაჭრო ცენტრის სამეთვალყურეო კამერით გადაღებული ამ კადრების დათვალიერებისას ისე ჩანს, თითქოს ორ უფროს ძმას უმცროსი საყიდლებზე მიჰყავს.

კადრები 1993 წლის 12 თებერვალს ბრიტანეთშია გადაღებული, მაგრამ ახლაც, 30 წლის შემდეგ, ეს ფოტო საშინელებას აღძრავს იმ ადამიანებში, რომლებმაც ამ ფოტოს ისტორია იციან.
ჯონ ვენეიბლსი და რობერტ ტომპსონი, რომლებსაც პატარა ჯეიმს ბალგერი ხელჩაკიდებული მიჰყავდათ, უამრავმა ადამიანმა დაინახა როგორც სავაჭრო ცენტრში, ასევე სადგურთან ახლოს. თვითმხილველების თქმით, ჯეიმსი შეშინებული ჩანდა, ზოგიერთმა კი შენიშნა, რომ ჯონი და რობერტი ბავშვს უბიძგებდნენ და ეჯიკავებოდნენ. თუმცა არავინ ჩარეულა. ასევე აღარავის უნახავს ცოცხალი, ორი წლის ჯეიმს ბალგერი.
ჯონმა და რობერტმა ჯეიმსი 12 თებერვალს ნაშუადღევს უოლტონში მდებარე სავაჭრო ცენტრში ნახეს. ბიჭები ერთად აცდენდნენ სკოლას და მაღაზიებში დახეტიალობდნენ წვრილმანების მოსაპარად.
სამი ათეული წლის შემდეგაც კი დაუდგენელი მიზეზით, ჯონმა და რობერტმა ბავშვის მოპარვა გადაწყვიტეს. ვისი იდეა იყო, გაუგებარი დარჩა, რადგან დაკავების შემდეგ ყველაფერში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
ჯეიმსი არ იყო პირველი ბავშვი, რომლის გატაცება სცადეს. მანამდე კინაღამ ორი სხვა ბავშვი გახდა მათი მსხვერპლი. იმ ბავშვების დედამ შეამჩნია ორი საშუალო სკოლის ასაკის ბავშვი, რომლებიც მისი შვილების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ სამი წლის გოგონა და ორი წლის ბიჭი მხედველობის არედან გაუჩინარდნენ.
ქალმა სწრაფად იპოვა ქალიშვილი, მაგრამ მისი ვაჟი დაიკარგა. როდესაც გოგონას ჰკითხა, სად იყო მისი ძმა, უპასუხა, რომ “ის ბიჭთან ერთად გავიდა გარეთ”. შეშფოთებულმა დედამ დაიწყო შვილის ძახილი და გარეთ გაიქცა, სადაც დაინახა ვენეიბლსი და ტომპსონი, რომლებიც მის შვილთს ესაუბრებოდნენ. როდესაც ვენეიბლსმა ბავშვის დედა შენიშნა, ის და ტომპსონი სწრაფად გაიქცნენ. ამ ბავშვს ძალიან გაუმართლა ჯეიმსისგან განსხვავებით.
ბიჭები ტკბილეულის დახლის ირგვლივ ტრიალებდნენ, ახლოს მდგარი ჯეიმსი შენიშნეს. როგორც კი ჯეიმსის დედა, დენიზი, წამიერად მოდუნდა, ჯონ ვენეიბლსმა ჯეიმსი ხელში აიყვანა და წაიყვანა. კითხვის გაგრძელება