ზღაპრული გარეგნობა, საოცარი ხმა და ქარიზმა: როგორია ახალგაზრდა მომღერალი, ნუცა თოფურია ეკრანს მიღმა - bbcnews.ge
საზოგადოება

ზღაპრული გარეგნობა, საოცარი ხმა და ქარიზმა: როგორია ახალგაზრდა მომღერალი, ნუცა თოფურია ეკრანს მიღმა

ნუცა თოფურია უნიჭიერესი მომღერალია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, თუმცა მისი, როგორც მომღერლის, წარმატებები გაცილებით ადრე, ათი წლის ასაკში დაიწყო. ნუცა სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში, სკოლის დამთავრების შემდეგ – ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

“მშობლები მეუბნებიან, რომ თურმე, ძალიან პატარა ასაკიდან, სამი წლიდან „იავნანას“ ვმღეროდი. თუმცა იმ დოზით არა, რომ ყველას ეფიქრა, ეს მომღერალი გახდებაო. როცა წამოვიზარდე, მერე სულ ვმღეროდი. თუმცა, პატარაობიდანვე ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ათწლედში ჩაბარებაზე არ მიფიქრია. ჩემი პირველი პროექტი ათი წლის ასაკში იყო – „ანა ბანა“ და იქიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. დედა წინააღმდეგი იყო, რადგან ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია და ეგონა, რომ მოუმზადებლად შედეგს ვერ მივაღწევდი. როცა დედა სახლში არ იყო, მე და ბებიამ დავრეკეთ და დავრეგისტრირდი. დედას მერე ვუთხარი, ქასთინგზე მივდივარ-მეთქი. სხვა რაღა გზა ჰქონდა, წამომყვა და გზაში მეკითხებოდა, ასე მოუმზადებელმა რა უნდა იმღეროო. მე ყველაფერი მოგვარებული მქონდა, სიმღერაც მზად მქონდა და კონკურსისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი. ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა. მარინა ბერიძე იყო ჟიურის წევრი და პირდაპირ მითხრეს, გადასული ხარ მეორე ტურშიო. მეორე ტურიდან რომ გამოვედი, დედას ვუთხარი, დიდი ალბათობით ვერ გადავედი, რადგან მარინამ ჩემი ანკეტა, სადაც ცოტა ფურცლები იდო, იქ გადადო, სადაც ბევრი იდო, იქ ვერ მოვხვდი-მეთქი. ორ საათში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საუკეთესო 12 ბავშვში მოვხვდი.

პირველად ფართო საზოგადოების წინაშე საბავშვო მუსიკალურ პროექტში “ანა-ბანა” გამოჩნდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, იყო სხვადასხვა კონკურსი და “მხოლოდ ქართული”. ცოტა ხნის წინ კი პირველი სოლო ალბომი გამოსცა.

“ძალიან გახარებული ვარ, რადგან დავასრულე სოლო ალბომზე მუშაობა, რაც პანდემიის გამო გაიწელა. პრეზენტაცია, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება, რასაც მოუთმენლად ველი. პანდემიის მიუხედავად, ვცდილობ, ვიაქტიურო და იმედია, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება” – ამბობდა ნუცა ერთ-ერთ ინტერვიუში.

Back to top button