“ტვინის შერყევის გამო 2 კვირის განმავლობაში წოლითი რეჟიმი მქონდა. თავზე 7 ნაკერი დამადეს. სახლში სრულად 10 დღე არ დავრჩენილვარ. 10 დღეა, სამსახურში გამოვედი” – გვეუბნება “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც 29 ნოემბერს, პარლამენტთან აქციის გაშუქების დროს დაშავდა – ტვინის შერყევა მიიღო.
როგორ გრძნობს ახლა თავს, როგორ იხსენებს ამ მძიმე ფაქტს, როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მარიამ, როგორ ხართ?
– პერიოდულად თავის გაუსაძლისი ტკივილი მაქვს, დამრჩა “შრამი”, მაგრამ ყველაფერი გაივლის. ფიზიკური ტკივილი არაფერია, ჩემთვის უფრო მტკივნეული ის იყო, როცა რუსთაველზე, იმ საშინელი მოვლენების ეპიცენტრში ჩემი კოლეგები მუშაობდნენ და მე სახლში ვიწექი. ეს ჩემთვის იძულებითი ღონისძიება იყო და მორალურად უმძიმესი რამ.
– რა მოხდა 29 ნოემბერს?
– 29 ნოემბერს ჩემს ოპერატორთან ერთად რუსთაველის გამზირზე მივედი. როგორც იცით, იმ დღეებში აქციაზე დაძაბულობის რამდენიმე ეპიცენტრი იყო. მე ოპერატორთან ერთად ჩიტაძის ქუჩაზე ვმუშაობდი… ჩვენი ინტერესი გამოიწვია არეულობის მცდელობამ, რაც შევამჩნიეთ და ვეძებდით ე.წ. ტიტუშკებს. ადამიანებს, ვინც კონფლიქტის ხელოვნურად პროვოცირებას იწვევდნენ. ჩემი ვარაუდით, ერთ-ერთი ტიტუშაკა პოლიციას დაუპირისპირდა, პოლიციამ ტერიტორია დატოვა და წინა ფლანგზე გადმოინაცვლეს ე.წ. ხარებას დანაყოფის წევრებმა, მორბენალებმა (ასე ვეძახით), ანუ კაცებმა შავებში. მივხვდი, დაკავების ოპერაცია იწყებოდა და მათთან ერთად, ჩიტაძის ქუჩიდან რუსთაველზე გადავინაცვლე.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩემ მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როგორც მახსოვს, როცა მასიური დაკავების ოპერაცია დაიწყეს, თავის არეში უკიდურესი ტკივილი ვიგრძენი და მერე მართლა არაფერი მახსოვს. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი ოპერატორის ხმამ გამაღვიძა, – სასწრაფოს და ექიმებს ეძებდა… გარდა იმისა, რომ ექიმებმა პირველადი დახმარება გამიწიეს, ძალიან გამამხნევეს. შემდეგ კლინიკაში გადამიყვანეს, სადაც ასევე მომხედეს.
ზუსტად თქმა არ შემიძლია, ქვა საიდან მომხდა, ან ვინ ისროლა, იყო თუ არა ის სუს-ის ტიტუშკა. არც ის ვიცი, რაც თავში მომხვდა, რეალურად იყო თუ არა ქვა. მქონდა გონების კარგვის ეპიზოდიც…