თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, ეკატერინე სიხარულიძე წლების წინ ემიგრაციის რთულ გზას დაადგა და ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ხატვის წყალობით დაიმსახურა საზოგადოების ყურადღება. ხელოვნების მოყვარულები მისი ნამუშევრებით იმდენად დაინტერესდნენ, რომ ქართველმა ემიგრანტმა გამოფენებშიც მიიღო მონაწილეობა და, სიცილიის დიდ ქალაქსა და ადმინისტრაციულ ცენტრში – პალერმოში გამოსულ წიგნში – “თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატები”, სადაც მთელი მსოფლიოს გამოჩენილი მხატვრების, მოქანდაკეების, ფოტოგრაფების, გრაფიკოსების, დიზაინერების, მხატვრების ნაშრომებია წარდგენილი, ეკატერინეს წილად ხვდა ბედნიერება, რომ მისი ერთი ნახატით დამშვენებულიყო მთავარი გვერდის ყდა და წიგნის ერთი გვერდიც…

მის წარმატებაზე კიდევ ბევრი რამის მოყოლა შეიძლება, მაგრამ ამჯერად, სულ სხვა თემაზე მსურს გიამბოთ. ეს ლამაზი ქალბატონი გულით დიდ ტკივილს რომ დაატარებდა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავიგე, როცა ჯგუფში “ვეძებ” მის პოსტს გადავაწყდი… აღმოჩნდა, რომ ეკატერინესაც დაკარგული ჰყავს შვილი…
– მქონდა უმძიმესი მდგომარეობა, მენჯებში ვიყავი გახსნილი და ამიტომ, ორსულობის მეოთხე თვიდან წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, ლოგინში მენჯებში მაგრად გაკრული ვიწექი. 1996 წლის 17აპრილს თბილისის პირველ სამშობიაროში საკეისრო კვეთით გავაჩინე მესამე შვილი, შვიდთვიანი გოგონა. ორი კილო იყო. ბავშვის ამოყვანის დროს ჩამესმა ტირილი და ექთნის ნათქვამი სიტყვებიც გავიგონე: “ვაიმე, რა ლამაზია”. ჩემმა დამ პირადად ნახა ჩვილი იმ დღესვე, როცა საოპერაციოდან გამოიყვანეს. მას უთხრეს, სრულიად ჯანმრთელიაო და მეც ასე მომახარეს, როცა ნარკოზიდან გამოვედი, მაგრამ…
მეორე დღეს ჩემებს გამოუცხადეს, რომ ბავშვი დაიღუპა. როცა აწ განსვენებულმა მისმა მამამ პატარას ნახვა მოისურვა, კატეგორიულ უარს ეუბნებოდნენ ამაზე მანამ, ვიდრე თურმე რკინის კარი არ შეულეწა ექიმებს, რომლებმაც მხოლოდ ამის მერე იკადრეს და გამოუყვანეს გაყინული ჩვილი… მერე იხსენებდა, ლოგინზე დამიგდეს რატომღაც ძალიან გაბრაზებულებმაო. თურმე, რომ დახედა, გაკვირვებულს და გულაჩუყებულს უთქვამს, – რამხელა ბავშვი ყოფილაო და ერთ-ერთ მედდას უხეშად უპასუხნია: რაც გააკეთე, ისააო. ამის თქმა შეიძლებოდა კაცისთვის, რომელსაც საშინელ ამბავს ეუბნები, შვილის ცხედარს აჩვენებ? ამიტომაც იყო, რომ გაიწია თურმე იმ ქალისკენ და ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან… საინტერესოა, თუ 2 კილო დაიბადა, მეორე დღეს დიდი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო?
– თქვენ ამის შესახებ როდის გაიგეთ?
– ჩემი მძიმე მდგომარეობის გამო, ბავშვის გარდაცვალებაზე არაფერს მეუბნებოდნენ და არც გამკვირვებია, რომ არ შემოჰყავდათ, რადგან მეორე ორსულობის დროსაც ასეთი მდგომარეობა მქონდა: რვათვიანი, 2.200 გრამი დაიბადა ჩემი მეორე გოგონა და მეხუთე დღეს შემომიყვანეს პალატაში. ამის შემდეგ, კატეგორიულად ამიკრძალა ექიმმა მესამე ბავშვის ყოლა. ყველა მეუბნებოდა ან მოკვდები, ან ვეღარასდროს გაივლიო, მაგრამ გავრისკე…
სხვათა შორის, სანამ სიმართლეს მეტყოდნენ, პალატაში ორჯერ შემოვიდნენ ექიმები ე.წ. შემოვლაზე და როგორც მითხრეს, ოჯახის გენეტიკას იძიებდნენ. მეკითხებოდნენ, რაიმე დაავადება ხომ არ გვქონდა მე და ჩემი ოჯახის წევრებს და ა.შ. მაშინ არაფრად ჩავაგდე ეს ამბავი, ახლა კი ვხვდები, რისთვისაც სჭირდებოდათ… ბავშვის ამბავი მეხუთე დღეს მითხრეს. თავზარი დამეცა. რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. ვერც ვდგებოდი, თორემ სიარულზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი… ისევ გავგზავნე მეუღლე, რომელმაც ექიმებს მოსთხოვა, ცხედარი შინ გაეტანებინათ, მაგრამ უარი უთხრეს, ამჯერად მიზეზით, რომ გვამს დიდხანს არ აჩერებდნენ და უკვე დაასაფლავეს. სამშობიაროდან ისე წამოვედით, არანაირი საბუთი არ მოუციათ.
– მაშინ ეჭვი არ გაგჩენიათ?
– მაშინ არა, მაგრამ მერე იყო რაღაც ეჭვები, განსაკუთრებით მას მერე, როცა გავიგე, რომ ამ სამშობიაროს ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს…
კომენტარის დატოვება